,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის რეზოლუციის პროექტი არის უბრალოდ სადღეგრძელო.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მიერ, კანონმდებლებისთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტს, დეპუტატი აცხადებს, რომ იგი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის აღდგენას გულისხმობს.
,,ჩვენი რეზოლუციის აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პარლამენტმა, რომელიც არის პოლიტიკის განმსაზღვრელი ამ ქვეყანაში, დაავალოს მთავრობას, გადადგას კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები, არა - ძალადობრივი, არამედ, პოლიტიკური ნაბიჯები, იმისთვის, რათა აღდგეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე. ეს არის არსი. ხოლო უმრავლესობის რეზოლუციის პროექტი არის უბრალოდ, მე ვიტყოდი, რაღაც სადღეგრძელო”, - განაცხადა კანდელაკმა.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული რეზოლუციის ორი პროექტი ცალ-ცალკე გავა, ვინაიდან მხარეები დოკუმენტის ერთ ვერსიაზე ვერ თანხმდებიან.
უმცირესობა საკუთარ პროექტში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს და კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმების იდეით გამოდის.
უმრავლესობის რეზოლუციის პროექტში კი ხაზგასმულია რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა.
რეგლამებტის თანახმად, კენჭისყრაზე რეზოლუციის ორივე პროექტი დადგება, ხოლო დამტკიცებულად ის მიიჩნევა, რომელიც უფრო მეტ ხმას დააგროვებს.