"ეროვნული საბჭოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მზია სოხაძე რაიონის გამგებელს, დავით იოსელიანს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ამის შესახებ სოხაძემ დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირის II კვარტლის # 9 ა კორპუსის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მოსახლეობამ "ეროვნული საბჭოს" მჟორიტარ კანდიდატთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ, გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.
~ასეთი მახინჯი კორპუსი, ალბათ, საქართველოში არ არსებობს. ვიზუალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ჭერიდან წყალი ჩამოდის და ოთახები დანესტიანებულია. მერიის არც ერთი პროგრამა ჩვენ არ შეგვეხო - არც სახურავი შეგვიკეთეს, არც წყალგაყვანილობა შეცვალეს. კორპუსთან მისასვლელი გზა კეთილმოუწყობელია. ამიტომ წვიმის შემდეგ სახლში მისვლა გვიჭირს", - აცხადებენ ადგილობრივები.
სოხაძის შეფასებით, მოსახლეობის გაუსაძლისი ყოფის მიზეზი, ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობასთან ერთად, ვაკე-საბურთალოს გამგებლის, დავით იოსელიანის დანაშაულებრივი ქმედებაა. კერძოდ, იოსელიანის მიერ 2008 წლის 21 იანვარს გამოცემული განკარგულების თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის II კვარტლის # 9 ა კორპუსის მეხუთე სართულზე 11 მოქალაქეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნული კორპუსი კი ოთხსართულიანია და მეხუთე სართული საერთოდ არ გააჩნია.
"ამ კორპუსის მიმართ ინვესტორები ინტერესს იჩენენ, მაგრამ როდესაც იგებენ, რომ რამდენიმე მოქალაქეს არარსებულ ფართში ფული უნდა გადაუხადონ, ზედმეტი ხარჯის გაღებას ერიდებიან და მათთან შეთანხმება ვეღარ ხერხდება", - განაცხადა სოხაძემ.