პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის გააზრებული და მონდომებული ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან.
უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში,ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გამართული შეხვედრების შეაფასებისას განაცხადა, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმების შესაძლებლობა აღელვებთ.
,,თუ ეს ასე გაკეთდება და მთავრობა გაწყვეტს ამ ძალიან მცირე, არც თუ ეფექტურ, მაგრამ აუცილებელ ხაზებს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე გართულდება ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, MAP-ის მიღების თვალსაზრისით და არ გაუმჯობესდება, რადგან საქართველოსთვის MAP-ის მოცემა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის გააზრებული და მონდომებული ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან. ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფლიქტში შესვლის ახალ მიზეზს და საბაბს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებით უნდა მოქმედებდეს, თორემ შეთანხმების გარეშე გადადგმული ნაბიჯების შედეგებს ქვეყანა დღესაც იმკის.