დღეს, 29 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია: "ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში". კონფერენცია პროფესორ ნიკოლოზ შენგელაიას ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიება საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, პროფ. ო. ზუმბურიძემ გახსნა. მსმენელებს მიესალმნენ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ო. გელაშვილი და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმთა მოდელირებისა და ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლ. დემეტრაძე.
პროფესორი ნიკოლოზ შენგელაია თავიანთ გამოსვლებში მოიგონეს ბორის ბოქოლიშვილმა, რაულ თურმანიძემ, მურთაზ მამისეიშვილმა, ავთანდილ ქათამაძემ, ირინა შენგელაიამ.
კონფერენციის პირველ დღეს მოეწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მსუბუქი მრეწველობის ნაწარმთა მოდელირებისა და ტექნოლოგიის მიმართულების პედაგოგთა და სტუდენტთა მიერ შექმნილი მოდელების გამოფენა-ჩვენება.
კონფერენციის ფარგლებში მუშაობს ოთხი სექცია: ახალი ტექნოლოგიები (სხდომის თავმჯდომარეები თ. მეგრელიძე, ნ. დავითაშვილი), ქიმიური ტექნოლოგიები და ახალი მასალები (სხდომის თავმჯდომარეები გ. ცინცაძე, დ. ხუციშვილი), ზუსტი მეცნიერება (სხდომის თავმჯდომარეები ნ. ბოჭორიშვილი, ნ. ჩხუბიანიშვილი), ეკონომიკა და ბიზნესის მართვა (კ. ღურწკაია, მ. ტყეშელაშვილი).
კონფერენციის მეორე დღეს, 30 აპრილს, დაგეგმილია კონფერენციის შედეგების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ექსკურსია ქალაქგარეთ.