ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლები გუდაური-კობის მონაკვეთზე საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შესაკეთებლად უკვე გაემგზავრნენ.
თბილისიდან სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა გააცილა.
ზურაბ ჯანჯღავას განცხადებით, მომხდარი ავარიის მიუხედავად, საქართველოში მომხმარებლების გაზმომარაგება შეუფერხებლად გაგრძელდება, რადგან საქართველო გაზს აზერბაიჯანიდან იღებს.
"რაც შეეხება სომხეთს, მას გაზის მიწოდება კვირის ბოლომდე უნდა აღუდგეს", - განაცხადა ჯანჯღავამ.
შეგახსენებთ, რომ გაზის მაგისტრალი მეწყერმა დააზიანა, რის გამოც გუშინ, დაახლოებით 16:00 საათისთვის სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა.