"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის მტკიცებით, ალექსანდრე ებრალიძემ საქართველოს პრეზიდენტობა გადაიფიქრა.
"რუსეთში ქართველთა კონგრესზე უაღრესად საინტერესო საუბარი მქონდა ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძესთან. ებრალიძემ გაიზიარა ჩვენი რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ შეექმნა პარტია და გადაეფიქრა საქართველოს პრეზიდენტობაზე ფიქრი. შექმნილ ქართულ-რუსული საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში, შევთანხმდით, რომ მხარდაჭერა გაგრძელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. გაზიარებულ იქნა ის მოსაზრებაც, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიის შექმნა დიდ ენთუზიაზმს არ გამოიწვევდა, არც ოპოზიციურ სპექტრში და არც საზოგადოებაში", - განაცხადა დავითაშვილმა დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე განმარტებით, რუსეთში ქართული ლობი შეიქმნება, რომლის მთავარი საზრუნავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა იქნება.
"რუსეთში არსებულ ქართულ დიასპორასა და სხვა ქვეყნებში არსებულ დიასპორებს შორის პრინციპული განსხვავებებია. მე დავინახე არსებითი განსხვავება. პირველი, ის, რომ რუსეთში ქართული დიასპორა უფრო ძველია, ვიდრე ევროპაში და რუსეთში ქართველები არ არიან დაკავებული "შავი საქმით". რუსეთში ქართველები წამყვან პოზიციებზე არიან, როგორც ბიზნესში, ასევე პროფესიებში. ჩვენ ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ", - განმარტა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭოს" ლიდერები კობა დავითაშვილი და კახა კუკავა რუსეთში იმყოფებოდნენ. ისინი თბილისში წუხელ დაბრუნდნენ.