კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებულ ნავთობკომპანიებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი განმარტებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ, ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ძალიან დიდია საქმის მასალები. კონკრეტულ კომპანიებს ედავებიან იმას, რომ მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება საბოლოოდ მომხმარებლისთვის. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი. ეს ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოს, მის განვითარებას. ერთი კუთხით, მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, პრევენციის სახე ექნება. როგორც მოვისმინე, სხვადასხვა მიმართულებითაც დაწყებულია კვლევები და ალბათ, მომავალში ყველა გაითვალისწინებს, რომ ასეთი შეთანხმებები დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეკონომიკაში ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.