არ შეიძლება იმის არდანახვა, რაც კეთდება, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაა სხვაგან, იგივე უკრაინაში, - ამის შესახებ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე საუბრისას პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების გარკვეული პოლიტიკის შედეგად ზარალი მინიმუმამდეა დაყვანილი.
..ვხედავთ, რომ სამშვიდობო ძალები დგანან კვიპროსზე და პრობლემებს ისე აგვარებენ, ვხედავთ, რომ სამშვიდობო ძალები დგანან კოსოვოში. ვხედავთ, რომ არ დგანან სამშვიდობო ძალები ყარაბახში და ყოველდღე ადამიანები იღუპებიან. ჩვენთან არ დგას სამშვიდობო ძალები, აგრესიულ რუსეთსა და ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას შორის, არანაირი სამშვიდობო ძალები არ დგას და მინიმუმამდე დავიყვანეთ ყველა საფრთხე, გარდა სამწუხაროდ, მართლაც, დარჩა ეს მავთულხლართები, ბანერები და მართლაც ათეულობით ჩვენი მოქალაქის მიწის პრობლემები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება არდანახვა, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკის შედეგი, რაღაც ძალისხმევის შედეგი, რომ ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ ზარალი, თუმცა, ზარალი, რა თქმა უნდა, არსებობს” - განმარტა მინისრმა.
შეგახსენებთ, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერები აღმართეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი. რუსული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა 52 ჰექტარი მიწის ფართობი და დაზარალდა 97 ოჯახი. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელის განმარტებით, დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა უახლოეს დღეებში მოხდება. ჯერჯერობით უცნობია, მისცეემენ თუ არა საოკუპაციო ძალები ადგილობრივებს ქერისა და ხორბლის მოსავლის აღებას საშუალებას.