თავდაცვის მინისტრი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს. საკითხის კომენტირებისას მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთთან კომუნიკაციის არხის შენარჩუნება.
,,ამ წუთას მე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ვხედავ. იმას თავისი მანდატი აქვს, თავისი საქმე და თავისი კონკრეტული თემატიკა აქვს. არხი უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რადგან გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან პასუხისმგებელი სახელმწიფოები. მაგრამ ამასობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა მუდმივად, ძალიან ხმამაღლა ისმოდეს ყველა შემთხვევაში, როდესაც რაიმე ასეთი ხდება და რაზეც აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობა", - განაცხადა ხიდაშელმა.
ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში რუსეთთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე იმსჯელებენ. ენერგეტიკის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან პოლიტიკური მიმართულებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი გამოუსადეგარია.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატის გადახედვას ,,თავისუფალი დემოკრატებიც” ითხოვენ.