საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ საკმარისი არ არის ის ძალისხმევა, რასაც ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით აკეთებს. შიდა ქართლში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გამოჩენასთან დაკავშირებით, მან ასევე აღნიშნა, რომ თუკი არ მოხდა რუსეთის შეჩერება, იგი მცოცავ ოკუპაციას გააგრძელებს.
,,ფაქტი არის ძალიან მძიმე და აქვს ერთადერთი შეფასება, რომ რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, ამ შემთხვევაში, კვლავ მცოცავი ოკუპაციის რეჟიმში და თუ არ შევაჩერებთ, ის აუცილებლად გააგრძელებს ამ სვლას. ვინაიდან ეს არის მისი პოლიტიკის დღის წესრიგის ეტყობა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, საკმარისი არ არის ის ძალისხმევა, რასაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს და არ მგონია საკმარისი არც საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა და ქმედება ამ მიმართულებით.
ორი დღის წინ კი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსას მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა.
საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.