გიორგობის დღესასწაულზე პატიმართა მორიგი შეწყალება იგეგმება.
პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ხვალ, 30 მაისს იმსჯელებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ე.წ. უდოს კომისიიდან აცნობეს, გიორგობის დღესასწაულს სახლებში, სავარაუდოდ, მხოლოდ მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები შეხვდებიან.
"თუმცა მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია უფლებამოსილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა საქმეებიც განიხილოს", - აცხადებენ კომისიაში.
მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სხდომა ყოველი თვის ბოლოს იმართება. იმ მსჯავრდებულთა საქმეები კი, რომლებზეც კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოს გადაეგზავნება. მათი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ ინსტანციამ უნდა მიიღოს.