დღეს, 29 აპრილს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში პრემია "ვარსკვლავის" ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრიდან აცნობეს, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ დაგეგმილია გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პრემიის ნომინანტები - ამერიკის ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე დევიდ ჰოლბერგი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი ნინო გოგუა, ასევე კონცერტში, ლაურეატებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი და თბილისის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტები.
შეგახსენებთ, რომ ცნობილმა შვეიცარიელმა იუველირმა ჟილბერ ალბერმა და პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ახალგაზრდა ნიჭიერი მოცეკვავეებისათვის (25 წლამდე) საერთაშორისო პრემია 2008 წელს "ვარსკვლავი" დააარსეს.
პრემიის გაცემა წელს მეორედ ხდება. 2008 წელს პირველი ლაურეატები ევგენია ობრაზცოვა (მარიის თეატრი, სანკტ-პეტერბურგი) და ლაშა ხოზაშვილი, (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი.Aამჟამად სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი) გახდნენ.