ნაციონალები საპატიო გაცდენების ნუსხიდან ,,ოჯახური მდგომარეობის” ამოღებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნევენ. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გიორგი ბარამიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, დეპუტატებს აქტივობისთვის სხვადასხვა რეგიონში წასვლა უწევთ, შესაბამისად, ამ მუხლის ამოღება მისთვის მიუღებელია. მისივე განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება აღიქმება, როგორც საკითხის პოლიტიზება.
ბარამიძეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და განმარტა, რომ 14 დღიდან დეპუტატს 2 დღე პარლამენტში მისვლა და პლენარულ სხდომაზე დასწრება უწევს, ხოლო დანარჩენი დღეები როგორც უნდათ, სხვა აქტივობისთვის გამოიყენონ.
პარლამენტი დღეს რეგლამენტში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით განიხილავს, რომლის მიხედვითაც დეპუტატები „ოჯახური მდგომარეობის“ მოტივით სხდომებს ვეღარ გააცდენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ხელფასის 10% დაექვითებათ.