გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, სოფელ ახალდაბას მოსახლეობა საფრთხე არ ემუქრება. როგორც მინისტრი აცხადებს, მუშაობა გრძელდება უსაფრთხოების ზომების დაცვით, რათა თავიდან იყოს აცილებული რაიმე ტიპის ზარალი,.
"მეწყერი თავისი ზომით არ იყო დიდი, თუმცა ყველამ ვიცით, რომ იდენტიფიცირებულია საკმაოდ ბევრი მეწყრული უბანი და ქანები დასუსტებულია, ასე რომ შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს მათი ჩამოწოლა. მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება უსაფრთხოების ზომების დაცვით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე ტიპის ზარალი, გნებავთ ადამიანური, გნებავთ მატერიალური", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, 8 ივლისს სოფელ ახალდაბასთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეწყერი მცირე მასშტაბის იყო. უწყების ცნობით, მეწყერმა დააზიანა გაზსადენი, ასევე საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც უკვე გაწმენდილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლები.