"ქრისტიან-დემოკრატებმა" ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი შალიკაშვილი წარუდგინეს.
თბილისის მერობის კანდიდატის გია ჭანტურიას განცხადებით, ვალერი შალიკაშვილი ის ღირსეული კანდიდატია, რომელმაც კარგად იცის ჩუღურეთის მოსახლეობის პრობლემები და აქვს უნარი, საკრებულოში მათი ინტერერსები დაიცვას.
"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერები ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ საბავშვო თეატრში შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში "ქრისტიან-დემოკრატების" მერობის კანდიდატმა გია ჭანტურიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას დეტალურად გააცნეს მათი შეთავაზებები და საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. ასევე, საუბარი შეეხო როგორც ჩუღურეთის რაიონში, ასევე, მთლიანად დედაქალაქში არსებულ ვითარებას სოციალური კუთხით და არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა დღევანდელ შეხვედრაზე ჩუღურეთის მოსახლეობას მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ და მათი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
მსგავსი სახის შეკრება ავჭალის მოსახლეობასთანაც გაიმართა, სადაც მოძრაობის ლიდერებმა ავაჭალის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ლობჟანიძე წარადგინეს.