სახალხო დემოკრატების მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი გიგი უგულავას ხშირი პროფესიების ცვლას ნაციონალების უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს და ხელისუფლების კანდიდატს თბილისელების მოტყუებაში ადანაშაულებს.
„ეს არის ერთგვარი ხრიკი, დახატონ ვირტუალური რეალობა, თითქოს უგულავა ყველა პროფესიის ადამიანს ხვდება და ყველა საქმეში აპირებს ჩახედვას, ყველა ადამიანის აზრის აინტერესებს. მოუწყობენ დეკორაციებს, ჩაურთავენ კამერას და ისეც ხან მეკურტნის, ხან ყასბის და ხან ხაბაზის როლს თამაშობს.
ქვეყანაში კრიზისია, თბილისის მოსახლეობის 60% შიმშილის ზღვარზეა, ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონით გაირღვა, ყოველ დღე საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ თბილისის ყველა უბანში სახლი ჩამოინგრა და ადამიანი, რომელიც ამაზე პირველ რიგშია პასუხისმგებელი, ტელეკამერების წინ მატრაბაზობს.
მოვუწოდებ, უგულავას, დაანებოს თბილისელების მოტყუებას თავი. პირისპირ შეხვდეს ხალხს და მათი პრობლემები მოისმინოს. დღეში 7-8 შეხვედრა მაქვს ხალხთან და კარგად ვიცი რა კატასტროფული მდგომარეობაა თბილისში.
თუ შოუმენს ირჩევენ თბილისელები თბილისის მერად, უგულავას ამ საქმეში ჯიმ კერი აშკარად ჯაბნის, თუ ნამდვილი მეურნე მერი გვჭირდება, მოსახლეობამ რეალურ კანდიდატებს უნდა დაუჭიროს მხარი და არა ვირტუალურს", - განაცხადა ნიკა ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.