ეკონომიკაში საუკეთესო კვლევით ცენტრებს შორის თსუ-მ მეორე ადგილი დაიკავა. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, თსუ-მ საერთაშორისო დონეზე მორიგ წარმატებას მიაღწია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საუკეთესო კვლევით ცენტრებს შორის მეორე ადგილი ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (IABE) მიერ ორგანიზებულ რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მიენიჭა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ჯილდო სამ გამარჯვებულს გადაეცა _ პირველ ადგილზეა იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტი (ლინცი, ავსტრია), მესამე ადგილზე კი აშშ-ის ფროსტბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი. "ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის შეფასებით, 2015 წლის რომის კონფერენციაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული კვლევები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და გამოხატავს სწრაფვას ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს განვითარებისთვის", _ აცხადებენ უნივერსიტეტში.
კონფერენციაში მსოფლიოს 60-ზე მეტი უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 180-მდე მეცნიერი მონაწილეობდა. მათ შორის აშშ წარმოდგენილი იყო 22 უნივერსიტეტით, იაპონია - 1, კანადა _ 3, დიდი ბრიტანეთი - 1, გერმანია - 2, საფრანგეთი - 1, იტალია - 5, ავსტრია - 3, ესპანეთი - 2, შვედეთი - 1, კორეა – 3-ით.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემია (IABE) მეცნიერთა, ბიზნესის მენეჯერთა, სტუდენტებისა და ბიზნესში საჯარო პოლიტიკის წარმმართველთა გლობალური ორგანიზაციაა. აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს, საერთაშორისო დონეზე, ცოდნისა და იდეების გაცვლას კვლევის, სწავლებისა და მართვის სფეროებში, რათა დაეხმაროს ერებს გააუმჯობესოს თავისი პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა. მისიის განხორციელებისათვის ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემია ორგანიზებას უწევს ყოველწლიურ კონფერენციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. IABE გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალებს, რომლებიც ინდექსირებულია ულრიხის საერთაშორისო პერიოდული გამოცემების საძიებელში.