არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, პროექტ „ახალგაზრდული თვითმმართველობა 2015-ის“ ფარგლებში შექმნილი „ახალგაზრდული საკრებულოების“ ეგიდით, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, იწყებს „ერთი წიგნის აქციას“. აქცია ემსახურება ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის წიგნებით მომარაგებას.
„როგორც ცნობილია, ჩოხატაურში 13 ივნისის ტრაგიკულ ღამეს თბილისში გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა იხსნება. აღნიშნული ბიბლიოთეკისთვის შენობის სარემონტო სამუშაობი ინტენსიურ ფაზაშია და მნიშვნელოვანია ამ ბიბლიოთეკის წიგნებით აღჭურვა.
ჩვენი პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტ საკრებულოს წევრს ერთიანებს. ახალგაზრდული საკრებულოების თავმჯდომარეების ერთობლივი კონსენსუსის შედეგად გადაწყდა ჩატარდეს „ერთი წიგნის აქცია“, რომლის ფარგლებში პროექტში ჩართული თითოეული მოსწავლე საკუთარი სახლიდან 1 წიგნს ბიბლიოთეკას გასცემს. წიგნს ექნება მათივე ავტოგრაფი წარწერით „საჩუქრად ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკას“.
აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებელობა ექნება ყველა მოქალაქეს. ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში წიგნების შეგროვებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას „ახალგაზრდული საკრებულოს“ თავმჯდომარეები მოახდენენ.
მას შემდეგ, რაც დასრულდება სარემონტო სამუშაოები, ორგანიზაციის წარმომადგენლები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრებთან ერთად წიგნებს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას გადასცემენ“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.