საბერძნეთში რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობენ. ათენსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში საზეიმო მსვლელობები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოო შედეგებით, ამომრჩეველთა 61,31-მა პროცენტმა ხმა საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნების წინააღმდეგ მისცა, დონორთა მოთხოვნების შესრულებას კი მხარი ელექტორატის 38,69 პროცენტმა დაჭირა. ამომრჩეველთა აქტივობამ რეფერენდუმზე 62,5 პროცენტი შეადგინა. სწორი არჩევანის გაკეთება საბერძნეთის მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა. ალექსი ციპრასმა თანამემამულეებს გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.