დაუზღვეველი ავტომობილების თანხობრივი ანაზღაურების თემა კვლავ ღიად რჩება, საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციოლნალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ საკრებულოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი დამტკიცეს.
მისი თქმით, ფრაქცია გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ წესი ბოლომდე იყოს მორგებული დაზარალებულების ინტერესზე.
"არ გაითვალისწინეს ჩვენი შენიშვნები ვადების საკითხთან დაკავშირებით, ასევე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დაუზღვეველი ავტომობილების თანხობრივი ანაზღაურების საკითხი. ვიცე-მერისგან ჩვენ მოვისმინეთ პოზიცია, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ფულადი რესურსი იქნება. იმ პირობებში, როდესაც 9 მილიარდს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო 912 მილიონს თბილისის ბიუჯეტი და საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს საკითხი კვლავ ღიად რჩება", - აღნიშნა აბესაძემ.
სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის თანხების გაცემის პროცესი დაიწყება ხვალიდანვე, თუკი მიღწეული იქნება შეთანხმება, თუ რომელი პირობით სურს დაზარალებულს ანაზღაურების მიღება, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა.