ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ ქართული კინემატოგრაფიის კვირეულზე ცნობილი ქართული ფილმები წარმოადგინეს.
ნაჩვენები იქნა ოსკარზე ნომინირებული ფილმი „მანდარინები“. ასევე გაიმართა ცნობილი ფილმების „გაღმა ნაპირისა“ და „სიმინდის კუნძულის“ ჩვენება. ქართული კინო კლასიკა „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავით“, „პირველი მერცხალითა“ და „ვერის უბნის მელოდიებით“ იქნა წარმოდგენილი.
კულტურული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა „Spectacular Georgia“, რომელზეც საქართველოს ამსახველი 80 ფოტოსურათი გამოიფინა.
ღონისძიების ფარგლებში თბილისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი მოეწყო, რომელზეც თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშები და ძველი ქართული სამკაულების ასლები გაიყიდა. შემოსულმა თანხამ 10 000 დოლარს გადააჭარბა და მთლიანად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე ჩაირიცხა.
საგარეო უწყების ცნობით, კვირეულის სტუმრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარიძემ სიტყვით მიმართა და სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილი სპეციალური ანგარიშების შესახებ აცნობა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ერთ-ერთმა სპონსორმა, ყაზახურმა ავია-კომპანიამ „Air Astana“-მ დაზარალებულთა დასახმარებლად 30 000 აშშ დოლარი გამოჰყო, ხოლო საქართველოს საპატიო კონსულმა მიხეილ სებუამ დაზარალებულთა დასახმარებლად 50 000 ლარი გადარიცხა. საქართველოს საელჩოს ძალისხმევით უკანასკნელი დღეების განმავლობაში დამატებით 45 000 აშშ დოლარი შეგროვდა. საელჩოს ორგანიზებით საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთის გამოგზავნაც იგეგმება.
ქართულ კვირეულს ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ყაზახეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. კვირეულის სტუმრებმა ქართული ღვინო, ჭაჭა და მინერალური წყლები დააგემოვნეს.
ქართული კინემატოგრაფიის კვირეული ყაზახეთში საქართველოს საელჩოს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რიგი კომპანიების მხარდაჭერით გაიმართა.