თბილისში, ვაშლიჯვრის ასახვევთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ვაშლიჯვრის ასახვევში გამოძახებაზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას საბურავები დაუჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტი საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. მათივე ინფორმაციით, პაციენტი 20 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც პოსტოპერაციული სინდრომი ჰქონდა.
"პაციენტი არ დაელოდა ბრიგადის მიერ კლინიკასთან შეთანხმების პროცედურას და ექიმებზე განახორციელა სიტყვიერი, ფიზიკური და ცივი იარაღით მუქარა. მას შემდეგ რაც ბრიგადის თანამშრომლები ინციდენტიდან თავის დაღწევის მიზნით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ჩასხდნენ, მომხდარში ჩაერთნენ პაციენტის მამა და თანმხლები პირები, რომლებმაც მანქანას ორი საბურავი დანით დაუჭრეს", - აცხადებენ პრესსამსახურში.