დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ხვალ პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა _ "კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში" გაიხსნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წიგნ-ალბომის - "ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი", პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით გამოიცა. გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა მთლიანად თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
სამინისტროს ინფორმაციით, ნინო ჯორჯაძე საქართველოში პირველი ფოტომოყვარული ქალია, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის ამსახველი მრავალფეროვანი და თემატურად მდიდარი მატიანე შექმნა. გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდეგნილი ნინო ჯორჯაძის მიერ კავკასიის ფრონტზე 1914-1918 წლებში შექმნილი ფოტოსურათები, მისი წერილები, დოკუმენტები, სიგელები, დღიურები და პირადი ნივთები. ასევე, ფოტოსურათები საოჯახო არქივიდან, რომელიც რესტავრირებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტო-ქაღალდის სარესტავრაციო ლაბორატორიის მიერ.
"ფოტოგრაფიით გატაცებული ნინო ჯორჯაძე ომის დაწყებისთანავე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა და კავკასიის ფრონტიდან პირველმა ასახა ომის მნიშვნელოვანი მოვლენები, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული სამხედრო მოქმედებები, ისტორიული პირები და სხვადასხვა ეთნოგრაფიული ჯგუფი.
წიგნში "ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი" თავმოყრილია ნინო ჯორჯაძის მიერ კავკასიის ფრონტზე შექმნილი ფოტოსერიები და სხვადასხვა ამონარიდი პირადი დღიურებიდან", _ აცხადებენ სამინისტროში.
დამთვალიერებელს ექსპოზიციის _ "კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში", ნახვის შესაძლებლობა 17 ივლისამდე ექნება.