სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ პროკურატურაში შექმნილ, სამართლწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობა, იქნება ეფექტური და არ იქნება დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმის ალტერნატივა.
უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ასევე, რომ ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და სისხლის სამართლის წესით დევნილ პირებთან დაკავშირებით, ხელისუფლების ნაბიჯები არადამაკმაყოფილებელია.
"ამ პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ სახელმწიფოსგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც", - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, დღემდე არ შექმნილა მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის შესაძლებლობას მისცემს.
ნანუაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატს არა ერთმა ყოფილმა მსჯავრდებულმა მიმართა, რომელიც თავს უკანონო მსჯავრდებულად მიიჩნევს.