განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველებთან გასაუბრება დაიწყო. კონკურსი ორი პროგრამაში მიმდინარეობს. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაში გამარჯვებულ აპლიკანტებს სახელმწიფო ნაწილობრივ ან სრულად დაუფინანსებს უცხოეთში სწავლისა და/ან საცხოვრებელ ხარჯებს. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გამარჯვებულები კი მათ მიერ შერჩეულ გადამზადების პროგრამებზე დაფინანსდებიან.
დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება 2 თვის მანძილზე შეეძლოთ. სულ 2015-2016 აკადემიური წლის კონკურსისათვის 1317 მონაწილემ გაიარა რეგისტრაცია. გასუბრებაზე მოწვეულ აპლიკანტთა შერჩევა რამდენიმე საკონკურსო ეტაპის გავლის შედეგად მოხდა:
პირველი საფეხური - განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ითვალისწინებდა.
მეორე საფეხური - განაცხადები და თანდართული დოკუმენტაცია შინაარსობრივად და ხარისხობრივად შეფასდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა სამოტივაციო წერილს, სამუშაო გამოცდილებას, შერჩეულ სკოლას/უნივერსიტეტს და დარგს, სხვა მოპოვებულ გრანტსა თუ სტიპენდიას, აკადემიურ წარმატებულობას მიენიჭა. შეფასება განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების სპეციალურად შექმნილმა კომისიამ განახორციელა.
მესამე საფეხური - კომისიასთან გასაუბრებაა. კომისიის წევრები კონკურსანტს გასაუბრების დროს ინდივიდუალურად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ანიჭებენ ქულებს. კონკურსის დასრულებისას ჯამდება ხარისხობრივი და გასაუბრების ეტაპების საშუალო ქულები, რითაც კონკურსის საბოლოო შედეგი ვლინდება. აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის კომისია 10 წევრისგან შედგება, კომისია დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.
კონკურსის საბოლოო შედეგები 17 ივლისს გასაჯაროვდება. განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში 88 ქართველი სტუდენტის სწავლა უკვე დააფინანსა. 2015-16 სასწავლო წლისთვის 115 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება.