"იმ შემთხვევაში თუ უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ოპოზიციის მთავარი ამოცანა ხელისუფლების დამხობა უნდა გახდეს", - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ გაყინული კონფლიქტების აღიარების კრიტერიუმების გადახედვა უნდა მოხდეს.
ამასთან, ნოღაიდელის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეკისროს, რადგან "ტერიტორიების დაკარგვა სწორედ მის კისერზეა".
"ღმერთმა დაგვიფაროს, რომ უკრაინამ ასეთი გადაწყვეტილეა მიიღოს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ კიევი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ოპოზიციის მთავარი ამოცანა ხელისუფლების დამხობა უნდა გახდეს. მთელი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეკისროს, რადგან მისი ტერიტორიების დაკარგვა მის კისერზეა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს სააკაშვილისნაირ ლაჩარ და მუხლებზე მფორთხავ ლიდერს", - განუცხადა ნოღაიდელმა დღეს ჟურნალისტებს.