გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავში მოყოლილი ტაქსის მძღოლის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. თემურ დარძალიძის ცხედარს, რომელიც დუშეთის რაიონის პროზექტურაშია მოთავსებული, საკუთარ სახლში დღესვე გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ სამდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავში მოყოლილი ტაქსის მძღოლის ცხედარი წუხელ იპოვეს. უკვე დადასტურებულია, რომ "ოპელის" მარკის ავტომანქანაში მის გარდა არავინ იმყოფებოდა. რაც შეეხება თავად მანქანას, მისი ხევიდან ამოტანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები, სავარაუდოდ, თოვლის დნობის შემდეგ განახლდება.