ოფიციალური თბილისი ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ დასკვნით დოკუმენტს მიესალმება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დოკუმენტში ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებისადმი ურყევი მხარდაჭერა.
"ქართული მხარე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების საჭიროებას და მოუწოდა მხარეებს კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების საჭიროებას, კერძოდ, შესვლას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც საქართველო ვერ აკონტროლებს. ქართული მხარე იზიარებს ევროპული საბჭოს შეფასებას, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და კვლავაც შეაქვს საქართველოში არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ ევროპულმა საბჭომ აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის მნიშვნელობა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების უფლების უზრუნველყოფას, როგორც ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ქმედებას", - ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ დასკვნითი დოკუმენტი 26 აპრილს მიიღო, რომელშიც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის თაობაზეცაა საუბარი.