დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ევროპის იმუნიზაციის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ
დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ევროპის იმუნიზაციის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
კვირეული 24 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით საქართველოში, ასევე ევროპის 33 ქვეყანაში, ევროპის იმუნიზაციის კვირეული იმართება.
კვირეულის ორგანიზატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიურო, რომლის მიზანია მოსახლეობისათვის იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობის შეხსენება და ინფორმირება.
ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, კვირეულის განმავლობაში ატარებს ერთკვირიან საინფორმაციო კამპანიას. კერძოდ, მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოში აცრები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად ტარდება. ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების კალენდრის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს 10 დაავადების: ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურის, ყბაყურის, ბ ჰეპატიტის და ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას.