ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. კიევში მიმდინარე ევროპა-უკრაინის მე-4 ფორუმზე განიხილება როგორც უკრაინის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული განვითარების საკითხები. ვიცე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა იმ სესიებზე, რომელიც რეგიონული უსაფრთხოების, აღმოსავლეთ პარტნიორობასა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვიცე პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ევროპის ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ ეს უკრაინაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის პირველი სამუშაო ვიზიტია. ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გამართა ორმხრივი შეხვედრები უკრაინის უმაღლესი რადას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბორის ტარასიუკთან, უკრაინის პირველ პრეზიდენტ ანატოლი კრავჩუკთან და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან, ასევე ევროპა-უკრაინის მე-4 ფორუმის მონაწილეებთან.
ფორუმის დასასრულს გიორგი ბარამიძე მონაწილეობას მიიღებს ფორუმის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაში, სადაც ისაუბრებს ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, კონფლიქტების მოგვარებისათვის ევროკავშირის როლის გააქტიურების აუცილებლობაზე, ასევე საქართველო-უკრაინის მეგობრული ურთიერთობების და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების პერსპექტივებზე. გიორგი ბარამიძე ასევე განიხილავს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველოს, უკრაინის და რეგიონის სხვა ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას.