საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, აგვისტოს ომი "ჩვენი ცხოვრების შეცვლისთვის იყო განზრახული, მაგრამ ეს არ გამოვიდა".
რუსეთ-საქართველოს ომზე სააკაშვილმა ამჯერად ლოს-ანჟელესში, მილკენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გლობალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"რუსეთის ოკუპაციამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ქვეყანაზე. ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. ეს დიდი ტრაგედია იყო. უამრავმა ადამიანმა საკუთარი სახლები მიატყოვა... ომი განზრახული იყო ჩვენი ცხოვრების შესაცვლელად, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ჩვენ ამას გავუძელით, იმიტომ, რომ რეფორმებს ვატარებთ", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
ამასთან, მისი განმარტებით, საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრება არა თუ უარესობისკენ შეიცვალა, არამედ პირიქით - საქართველომ დემოკრატიის ნორმალური მოდელი შექმნა.
"აქ არის სიტყვის თავისუფლება, ხალხი ხდება საკუთარი ქვეყნის მფლობელი", - დასძინა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჟელესში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი ცნობილი კორპორაციების ხელმძღვანელებსაც შეხვდა. დღეს კი, ის ისევ ვაშინგტონში გეგმავს ჩასვლას, სადაც ატლანტიკური საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.