,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს უბიძგებს პატივი არ სცენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამის შესახებ, გიგაურმა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
,,ასეთი ტიპის განცხადებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს უბიძგებს არ სცენ პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა. ყველა თავის განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა, პირიქით, მოქალაქეებს უნდა მოუწოდოს მხარი დაუჭირონ და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ის ამას არ აკეთებს და ეს ძალიან ცუდია", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა გიგაურმა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, პრეზიდენტმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ დაიხარჯა 28 მილიონი მისთვის ახალი რეზიდენციის მშენებლობაზე, თუკი ავლაბრის სასახლის დატოვებას არ აპირებდა.
"კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად, თუკი იგი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებდა? ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნების რესურსი. თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მივცემთ. ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობა ჩვენ 2012 წელს გავისტუმრეთ, - აცხადებს პრემიერი ,,ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.