სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდ შეცდომად აფასებს. პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ ზოგ შემთხვევაში, ადამიანები და სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ.
"მედიიდან და პრესიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა", - განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს სად არის კეთილი და ბოროტი და რა არის მისაღები და მიუღებელი.
ამერიკის უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ორმოცდაათივე შტატში ერთი სქესის პირებს შორის ქორწინება ლეგალურად ცნო, თეთრი სახლი გეი მოძრაობის უმთავრესი სიმბოლოს, ცისარტყელას დროშის ფერებით განათდა. პრეზიდენტმა ობამამ ფაქტს თანასწორობის კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.