პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა მსხვილი პაკეტი, რომელიც სამინისტროდან უსაფრთხოების სტრუქტურების გამოყოფას ითვალისწინებს.
პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის თანახმად, 1-ლი აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება და მთავრობასთან ერთად, ასევე ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.
რეფორმის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამჟამად შსს-ის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი დანაყოფები გაერთიანდებიან: კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო ე.წ. სუს-ი, რომლის სახელწოდებაც შესაძლოა შეიცვალოს, ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი- ამ უკანასკნელს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ევალება. რეფორმის შედეგად, შსს-ს ძირითადად საპოლიციო ფუნქციები დარჩება.
უსაფრთხოების ახალი უწყების ხელმძღვანელს, კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს და შესთავაზებს მთავრობას, რომელიც მოწონების შემთხვევაში, პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად კანდიდატურას, რომლის ასაკიც არ უნდა იყოს 35 წელზე ნაკლები, მას ასევე არ უნდა ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა და უნდა იყოს უპარტიო.
საკანონმდებლო ორგანო წარდგენიდან მაქსიმუმ 14 დღეში, როგორც ინიციატორებმა აღნიშნეს, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით დაამტკიცებს თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომლის უფლებამოსილების ვადა 6 წელს შეადგენს - ეს ვადა საქართველოში დადგენილ არცერთ საარჩევნო ციკლს არ ემთხვევა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოქმედება 2015 წლის აგვისტოდან არის კანონპროექტით გათვალისწინებული და წლის ბოლომდე ის 36 743 994 ლარით დაფინანსდება შსს-სთვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან. წინასწარი გათვლებით, ახალ უწყებაში, დაახლოებით, 4 ათასი თანამშრომელი იმუშავებს.