ნიკა ივანიშვილი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობის შეჩერაბას აპროტესტებს. "სახალხო დემოკრატებმა" ვაჟა-ფშაველას გამზირზე მშენებარე მეტროსადგურ "უნივერსიტეტთან ბრიფინგი გამართეს.
ივანიშვილის თქმით, "სახალხო დემოკრატები" დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი მოქმედი მერის და "ნაციონალების~ "უსისტემო და გაუაზრებელ მიდგომას" აპროტესტებენ.
"ჩვენ ვდგავართ მეტროსადგურ "უნივერსიტეტის~ დაკონსერვებულ მშენებლობასთან. თქვენ იცით, რა როლს ასრულებს მეტრო თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. იგი ჩვენი შეჭირვებული თანამოქალაქეების გადაადგილების ლამის ერთადერთი საშუალებაა. რომ ამოქმედდეს ხაზი "ვაჟა-ფშაველა~-"უნივერსიტეტი~, ვაჟას ბოლო კვარტლების მცხოვრებლებს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესსორ-მასწავლებლებს, ჯიქიას ქუჩაზე განთავსებულ უმაღლესი სასწავლებლებისა და კომპანიების სტუდენტებსა და თანამშრომლებს სერიოზული შეღავათი ექნებოდათ მოხერხებული და იაფი მგზავრობის კუთხით. ჩვენს "ბრძენ~ მერს მტკვარზე ახლახან გადებული პლასტმასის ხიდის მაგივრად, რომელიც 50 მილიონზე მეტი დაჯდა, ის თანხა ამ მეტროსადგურის დასამთავრებლად რომ მიემართა, გაცილებით უკეთეს საქმეს გააკეთებდა ხალხისთვის, ხოლო მიხეილ სააკაშვილს მილიარდიანი სასახლე რომ არ წამოეჭიმა თავისი შუშის ობსერვატორიით, იმ ფულით დამთავრდებოდა ასევე დაკონსერვებული მეტროს ხაზები ვაზისუბნამდე და ელიამდე. წარმოიდგინეთ, რამხელა ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნებოდა იმ 1 მილიარდის მართლაცდა ქალაქის სასიკეთო საქმეში ჩადება", - განაცხადა ივანიშვილმა.
თბილისის მერობის კანდიდატმა "სახალხო დემოკრატების" სახელით პირობა დადო, რომ აღარ დაუშვებს ფულის ასე უყაირათოდ ფლანგვას, ხოლო პრიორიტეტებს, თუ რაზე იქნება პირველ რიგში დახარჯული თანხა, განსაზღვრავს ხალხის მოთხოვნები.
ივანიშვილი პირობას დებს, რომ არ დაუშვებს, ქალაქის მოჩვენებით და ფასადურ "აღმშენებლობას" შეეწიროს ხალხის, თბილისელების კეთილდღეობა.