საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრს მაშინ გაითვალისწინებს, როდესაც იმდენს გააკეთებენ ქვეყნებისთვის, რამდენიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხს განიხილავენ, ოპოზიცონერმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ სებ-თან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების მომხრე მხოლოდ ივანიშვილია.
,,ქართული საზოგადოება, ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები ამის წინააღმდეგ არიან განწყობილი და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არის მომხრე", - აღნიშნა წიკლაურმა, რასაც ცვლილების ინიციატორი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა.
"თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში მარეგულირებლები გარეთაა საერთოდ. ჩვენთან შეიძლება, ასე იყოს. თქვენთან არ შეიძლებაო - ასეთი მიდგომა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან არ მგონია სწორი იყოს. შეიძლება, მისი რომელიმე ჩინოვნიკის აზრი იყოს ასეთი. ასიც რომ იყოს ასეთი ჩინოვნიკი, ჯერ იმის მეათედი გააკეთონ ქვეყნისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და ამის შემდეგ გავითვალისწინებ იმათ აზრს", - მიმართა მეჭიაურმა წიკლაურს.