ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს მოუსმინეს.
მან კომიტეტის წევრებს კომისიის 2014 წლის ანგარიში წარუდგინა და 2015-2017 წლებში კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. კომიტეტის წევრები განსაკუთრებით იმ საკითხებით დაინტერესდნენ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ეხებოდა. ამ კუთხით, კომისიაში 190-მდე საჩივარი იყო შესული და მათზე შესაბამისი რეაგირება მოხდა.
პარლამენტის ინფორმაციით, კომისიის მიერ განსაზღვრული 2015-2017 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ითვალისწინებს სატელეკომუნიკაციო სექტორში მომხმარებლების, მომსახურების მიმწოდებლების და ტექნოლოგიების კუთხით არსებულ ტენდენციებს, ისევე როგორც ეყრდნობა სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ სახელმწიფო პოლიტიკასა და ევროკავშირის ფარგლებში დანერგილი რეგულირების საუკეთესო პრაქტიკას. მისი განცხადებით, ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში დასახული მთავარი მიზნის განხორციელებას, კერძოდ, ხარისხიან და მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე მომხმარებლის გონივრულ ფასად და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წვდომის უზრუნველყოფას.
ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომისიის ძირითად მიმართულებებს განეკუთვნება - გამჭვირვალე, სამართლიანი და იდენტიფიცირებული პრობლემების თანაზომადი გადაწყვეტილებების მიღების გზით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და ფართოზოლოვანი ქსელების/მომსახურების დანერგვის ხელშეწყობა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და სახელმწიფო რესურსების ეფექტიანი მართვა. დასასრულ, მან კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა. წარმოდგენილი ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს აგრეთვე მოქალაქე მევლუდ ბობოხიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ეხება. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, მოქალაქე მევლუდ ბობოხიძე მიიჩნევს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს მოქმედი კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში და იგი ახალი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს.
საკითხი ეხება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის გასაცემი ფულადი კომპენსაციის ოდენობას. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, სიკვდილით დასჯილ ან გადასახლებაში არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო დაღუპულ რეპრესირებულზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ფულადი კომპენსაცია ერთჯერადი დახმარების სახით - 100 000 ლარი, ყოველთვიური დახმარება - 1000 ლარი. ხოლო დანარჩენ პოლიტიკურ რეპრესირებულებზე ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვროს 50 000 ლარით, ყოველთვიური დახმარება კი - 500 ლარით.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ კანონში არაერთხელ განხორციელდა ცვლილებები, ის თანხა, რაც კანონმდებლობით იქნა დაწესებული, არ არის ადეკვატური მათთვის, ვინც უშუალოდ განიცადა რეპრესია.
„ჩვენ მორალური პასუხისმგებლობა გვეკისრება იმ ადამიანების მიმართ, ვინც რეპრესიების შედეგად დაიღუპა, ან რეპრესიები განიცადა, და და ამ რეპრესიების შედეგების სიმძიმეს ვერანაირი მატერიალური კომპენსაცია ვერ აანაზღაურებს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ, რომლის ამ მოსაზრებას კომიტეტის წევრებმაც დაუჭირეს მხარი. თუმცა აქვე აღინიშნა, რომ საუბარია ძალიან დიდ თანხებზე, რისი შესაძლებლობაც ქვეყანას ამ ეტაპზე არ გააჩნია. პარლამენტის წევრების განცხადებით, ეს რომ შესაძლებელი იყოს, ბუნებრივია, დახმარებაზე უარს არავინ იტყოდა.
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნის შესაძლებლობიდან გამომდინარე, როდესაც ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, მათი წარმართვა აღნიშნული მიმართულებით მთლად გამართლებული ვერ იქნება, რადგან ბიუჯეტით განსაზღვრულ სხვა ვალდებულებებს დააკლდება.
„ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ნებისმიერი კომპენსაცია კარგია, მაგრამ ის უნდა იყოს თანაზომიერი ზარალთანაც და სახელმწიფო შესაძლებლობებთანაც“, - განაცხადა სხდომის წამყვანმა.
კომიტეტის წევრებმა, საკანონმდებლო წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად გადაქცევის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.