კაბელების საქმე დასრულდება ბრალდების მხარის დამარცხებით,- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეალურად ეს საქმე არის პოლიტიკურად შეკერილი.
"საპასუხო გამოსვლაში პროკურორები ერთი ერთში იმეორებენ იმას, რაც თქვა თავის დროზე 2014 წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო გამოსვლაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სერიოზული ზეწოლის მიუხედავად, რომელიც მოსამართლის მიმართ განხორციელდა, მან მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და ეს საქმე საბოლოო ჯამში დასრულდება ბრალდების მხარის დამარცხებით და აუცილებლად გამარჯვებული მხარე იქნებიან უკანონოდ დაკავებული ადამიანები", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატები ითხოვდნენ ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, თუმცა, მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეზე არსებითი განხილვა 10 ივლისს დაიწყება.