საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე “რესპუბლიკურ პარტიას” აკრიტიკებს. გადაცემა “პოლიტარტში” სტუმრობისას ფანჯიკიძემ “რესპუბლიკელების” კონფორმისტულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პარტიამ ბევრ პრინციპს უღალატა.
“ჩემი აზრით “რესპუბლიკელებმა” უღალატეს ძალიან ბევრ პრინციპს. ამ პრინციპების გამო მე მათდამი მქონდა ძალიან დიდი სიმპატია. სამწუხაროდ, ახლა, ამ ბოლო პერიოდში მე ისეთ ნაბიჯებს ვხედავ “რესპუბლიკელებისგან”, რომელსაც მათგან ნამდვილად არ მოველოდი, მაგალითად, საარჩევნო სისტემის თაობაზე. ეს იყო პარტია, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა იმ შეხედულებას, რომ მაჟორიტარული სისტემა არია მანკიერი სისტემა და ეს უნდა შეიცვალოს. აღმოჩნდა, რომ ისინი ახლა ასე აღარ ფიქრობენ და ეს დიდი რეფორმა 2020 წლისთვის გადადეს. შეუერთდნენ მათ აზრს, ვისაც მიაჩნია, რომ 2016 წელს, ისევ ამ სისტემიოთ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მთელი პროგრესული ნაწილი ამის წინააღმდეგია. არ მეგონა, რომ “რესპუბლიკელები” ასეთ კონფორმისტულ გადაწყვეტილებაზე წავიდოდნენ. მათ ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ თანამდებობაზე ყოფნა ყველაფრის ფასად არ შეიძლება.