საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის გიორგი აბაშიშვილის განცახადებით, საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება დაირღვა.
”დღეს საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას შეეხება. კანონპროექტის შემუშავებაში არ ყოფილან ჩართულნი ექსპერტები ევროკავშირიდან, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკიდან, ისევე როგორც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კანონპროექტზე საკუთარი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს მსხვილმა ბიზნეს ასოციაციებმა, წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დარგის ექსპერტებმა. სამწუხაროა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან თითქმის ერთი წლის თავზე დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების სტრუქტურაზე დაყრდნობით, წარმოადგენს 2014-2016 წლებში საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, დაირღვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის #59 განკარგულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. ვინაიდა, ასოცირების დღის წესრიგში და შემდგომ უკვე მთავრობის განკარგულებაში ნათლად წერია, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის კანონმდებლობის გადასინჯვა უნდა განხორციელდეს და ევროკავშირის ექსპერტიზით მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის გამოცდილებაზე დაყრდნობით”, - განაცხადა აბაშიშვილმა.