ოპოზიციონერი დეპუტატის გივი თარგამაძის განცხადებით, Biletebi.ge-ს 60%-იანი წილის მფლობელი შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით მიზანდარია.
,,Biletebi.ge-მ უგულებელყო ის დახმარებაც კი, რომელიც მას UEFA-მ შესთავაზა 40 000 ევროს ოდენობით, რათა მას ვებგვერდის მუშაობა გაეუმჯობესებინა”, - განაცხადა დეპუტატმა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, Biletebi.ge-ს საიტის გამართვისთვის 48 საათში დაეხმაროს და ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით სირცხვილი თავიდან ააშოროს.
„ვინაიდან, ეს კომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კუთვნილებაა, მას ვალდებულებების შესრულებას არც ფეხბურთის ფედერაცია სთხოვს ან სხვა ორგანიზაციები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართავ: თუნდაც ამ დეპარტამენტის რესურსი გამოიყენონ და საიტს ფუნქციონირებაში დაეხმარონ, რათა გულშემატკივრებმა ბილეთების ყიდვა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით თავი მოეჭრება“, - განაცხადა გივი თარგამაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საიტს დაეხმარება, ოპოზიცია ამაზე თვალს დახუჭავს.
UEFA-მ biletebi.ge-ს ხარვეზების აღმოსაფხვრელად 48 საათიანი ვადა მისცა, რომელიც დღეს საღამოს 17:30 იწურება.