პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის "წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბის - ALUMNI-ს" პირველი შედეგები უკვე ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის № 1 საჯარო სკოლაში პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და კლუბის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ALUMNI"-ს პროექტს ქვეყნის მასშტაბით ბევრი კურსდამთავრებული გამოეხმაურა, მათ მიერ მშობლიური სკოლებისადმი გაწეული მხარდაჭერის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი შედგა", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
პირველი სკოლის კურსდამთავრებულები ერთ-ერთი პირველები გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ინიციატივას. მოწვეულ სტუმრებს სკოლის დირექტორმა ლელა წიქარიშვილმა ის აქტივობები გააცნო, რომელიც კურსდამთავრებულთა შემოწირულობებით განხორციელდა - "უსაფრთხო სკოლის პროექტის" ფარგლებში.
კერძოდ, თანხის ნაწილით პირველი სკოლის შენობაში 20-მდე ვიდეოთვალი დამონტაჟდა, ასევე ინტერაქტიული დაფის, ვიდეოკამერისა და სხვა სკოლისათვის აუცილებელი ტექნიკის შეძენა იგეგმება.
პროექტის ფარგლებში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დამსახურების წარმოჩენა და სათანადო დაფასება შესაძლებელი გახდა და 20-მდე პედაგოგს ფულადი ჯილდო გადაეცა.
დღესვე გადაწყდა, რომ თბილისის პირველ საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა კლუბი "პირველსკოლელი" დაფუძნდება.