შოთა არველაძე მომავალი სეზონიდან თურქულ "ქაისერისპორს" გაწვრთნის. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ამჟამად ჰოლანდიური "ალკმაარის" მთავარი მწვრთნელის დიკ ადვოკაატის თანაშემწედ მუშაობს, მომავალი სეზონიდან კი სამწვრთნელო კარიერას თურქეთში გააგრძელებს.
სეზონის ბოლოს ალკმაარს ადვოკაატიც ტოვებს, რომელიც სათავეში რუსეთის ნაკრებს ჩაუდგება. შოთა არველაძის წაყვანა ადვოკაატს რუსეთშიც სურდა და წინააღმდეგი არც რუსული მხარე ყოფილა, მაგრამ არველაძე ამ წინადადებას არ დასთანხმდა.
არველაძეს სხვა ვარიანტებიც ჰქონდა, მის მიწვევას თურქეთის ნაკრებში გუუს ჰიდინკის თანაშემწედაც ვარაუდობდნენ, თუმცა საბოლოოდ არჩევანი "ქაისერისპორზე" შეჩერდა, რომელიც ამჟამად თურქეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა და შანსი აქვს, ევროპის ლიგაზე გავიდეს.
"ქაისერისპორი" 1966 წელს დაარსდა და დიდი მიღწევებით არ გამოირჩევა, თუმცა 2008 წელს თურქეთის თასი და სუპერთასი მოიგო.