თბილისში დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირების შენახვის 88 მილიონიან ბიუჯეტს არაფერი მოკლებია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 14 მილიონი ლარიდან, მერიის წილი არის მხოლოდ 2 მილიონი ლარი.
„ხელისუფლებამ სამწუხაროდ ისარგებლა იმ მძიმე პერიოდით და იმ მძიმე ტრაგედიით, რაც თბილისში დატრიალდა და თბილისის ბიუჯეტში ხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ისე რომ მას ტრაგედიასთან შეხება არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილ 14 მილიონ 400 ათას ლარს, ამ მიმართულებით, თანხები არ მოკლებია 88 მილიონიან ადმინისტრაციულ ხარჯს, რომელიც მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირების შენახვას და მათ ფუფუნებას ხმარდება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია კი აცხადებს, რომ ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება იქნება საჭირო.
„ამ ეტაპზე, იმ მოკლე პერიოდში რაც ჩვენ გვქონდა სტიქიიდან დღემდე, მოხდა ის, რომ ყველა ის ეკონომია რომელიც არის თბილისის მერიის მიერ გაწეული, იქნა მიმართული სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად,“ - აღნიშნა სამუშიამ.