,,მწვანე ალტერნატივა - საქართველოს” ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძის განცხადებით, კანალიზაციის კოლექტორის მდინარე ვერეში ჩაშვების შესახებ ინფორმაცია კრიზისების მართვის ცენტრს უნდა გაევრცელებინა. მისი თქმით, მოხალისეები შემდეგ ტავად გადაწყვეტდნენ იმუშავებდნენ თუ არა იმ ტერიტორიაზე.
,,ჩვენი კონსტიტუციით, ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც პირველ რიგში მოითხოვს იმას, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა გარემო, გავრცელდეს ძალიან სწრაფად... ეს ინფორმაცია უნდა ყოფილიყო გავრცელებული რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ, რომ იქ მომუშავე მოხალისეებს თვითონვე გადაეწყვიტათ, უღირდათ ამ პირობებში მუშაობის გაგრძელება თუ არა. კერძო კომპანიას ვერ მოვთხოვთ პასუხს, რატომ არ გაავრცელა ინფორმაცია. ფაქტია, კრიზისების მართვის საბჭომ იცოდა, რომ მსგავსი რამ ხდებოდა და საჭირო იყო, მას შეეტყობინებინა მოსახლეობისთვის, რომ მსგავსი რამ მოხდა”, - აცხადებს მანანა ქოჩლაძე.
შეგახსენებთ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ საკანალიზაციო წყლების ჩადინება არ ხდება იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც მოხალისეები მუშაობენ. ასევე, კომპანია მოსახლეობას შეახსენებს, რომ თბილისელებისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არანაირი კავშირი არ აქვს მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით არაგვის ხეობიდან მარაგდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დღეს ვერეს ხეობაში, საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებითაც გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, კომპანიამ ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩასთან არსებულ საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებით, ახალი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„რადგანაც, შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, გზისა და განახლებული საკანალიზაციო ქსელის აღდგენას დაახლოებით, 30 დღე დასჭირდება, ამ პერიოდის მანძილზე კომპანია დროებით, ადგილობრივ მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც, მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, საკანალიზაციო კოლექტორი პირვანდელი სახით საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.
კომპანიამ გუშინ დაადასტურა კანალიზაციის ღია კოლექტორის ვერეში ჩაშვების ფაქტი და განაცხადეს, რომ ამის გაკეთება აღდგენითი სამუშაოების წარმართვისთვის გახდა საჭირო და ქალაქის ხელმძღვანელობის თხოვნით მოხდა.
თბილისის მერი დავით ნარმანია თავის მხრივ, აღნიშნულ ქმედებას დროებით ღონისძიებას უწოდებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიისთვის რაიმე სახით მითითებას ადგილი არ ჰქონია.
დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობას მოუწოდა, წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით, გარკვეული წესები დაიცვან. კერძოდ, სააგენტო ურჩევს მოსახლეობას, წყალმა იდინოს 2-3 წუთის განმავლობაში, დაყოვნდეს სუფთა ჭურჭელში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენონ სასმელად.
განცხადების თანახმად, სააგენტო თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, გრძელდება წყლის სინჯების კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ წერტილებში. გაწეული სამუშაოების შესახებ სააგენტომ დღეს განცხადება გაავრცელა.