გალის რაიონის ყოფილი დე ფაქტო გამგებელის რუსლან ქიშმარიას თბილისში მკურნალობის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ გასცემს.
ქიშმარიას "ნიუ ჰოსპიტალში" მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას მინისტრმა განაცხადა, რომ ზოგადად, აფხაზეთიდან თბილისში სამკურნალოდ ხშირად ჩამოდიან, თუმცა, ეს პერსონალური ინფორმაციაა, რომლის გაცემაც დაუშვებელია და კანონის დარღვევას წარმოადგენს.
"ეს არის მათი უფლება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველას, თუ გვინდა რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა პატივს სცემდეს და ენდობოდეს საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მათი მდგომარეობა კიდევ არ დავამძიმოთ ინფორმაციის გავრცელებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ქიშმარია დე-ფაქტო პარლამენტის წევრიც იყო. მან 2011 წელს, ჭუბურხინჯის 33-ე საარჩევნო ოლქში ხმათა 72% მიიღო.