ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით, ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის.
მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხსდომაზე მოხდება ცვლილებების განხილვა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან შესაბამისობაშია.
,,ასოცირების ფარგლებში იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც გულისხმობს ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის სტატუსის მინიჭების წესში გარკვეულ ცვლილებებს. სწორედ ეს ცვლილებები შემოგვაქვს დღეს. ამ შემთხვევაში ზოგი მიმართულებით არის გამარტივება, ზოგი მიმართულებით კი გამკაცრება. მაგალითად, რა იგულისხმება გამკაცრებაში, დღეს თუ ადამიანი შემოდის საქართველოში, ითხოვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს, მის მიმართ იწყება პროცედურების გატარება, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან შემოდის”, - აცხადებს სუბარი და განმარტავს, რომ ცვლილებებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება სტატუსის მოთხოვნის განხილვა, თუკი პირი შემოდის უშუალოდ იმ ქვეყნიდან, სადაც მას დევნიან და საფრთხე ემუქრება. ხოლო თუ ადამიანი საქართველოში შემოსვლამდე გამოივლის სხვა უსაფრთხო ქვეყნებს, მისი მოთხოვნის განხილვა არ მოხდება.
,,გამარტივდება განხილვის ვადები, რაც ახლა საკმაოდ გაწელილია. ახალი ცვლილებებით ვადები მცირდება ორ თვემდე. გარდა ამისა, გასაჩივრების ვადა 10-დან 15 დღემდე იზრდება, ხოლო სამეტაპიანი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელაციასა და კასაციაში ორ ინსტანციამდე მცირდება”, - განაცხადა მინისტრმა.