საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ 19 ივნისს თურქეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე რ.ც., რომლის ავტომანქანაშიც, დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ლირიკა“ (112 კაფსულა) აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.
ანალოგიური კანონდარღვევა გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა 20 ივნისს, სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე. სომხეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: „ტრამადოლი“ - 32 აბი (50 მგ-იანი), „ტრამადოლი“ - 8 ამპულა (100 მგ-იანი) და „ლირიკა“ - 10 კაფსულა (75 მგ-იანი) - აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
8 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ტრამადოლი“ აღმოაჩინეს სგპ „ნინოწმინდის“ მებაჟე ოფიცრებმა 21 ივნისს, სომხეთის მოქალაქე მ.ზ.-ის დათვალიერებისასაც. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.