ადვოკატი ირმა ჭკადუა მთავარი პროკურატურის მხრიდან იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილისთვის ბრალიs დამძიმებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაცვის მხარე მკლელობის დამკვეთების გამოვლენას ითხოვს.
,,ქალაქში არ ვიმყოფები და პროკურატურის განცხადებას არ ვიცნობ და განმარტებას მხოლოდ გაცნობის შემდეგ გავაკეთებ, რადგან არ ვიცი განცხადების შინაარსი და არ მინდა არასწორად ვთქვა რამე ”, _განაცხადა ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
კითხვაზე - მთავარი პროკურატურის მიერ სოსანაშვილისთვის ბრალის დამძიმებით ხომ არ მოიხსნა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთების საკითხი? ადვოკატი განმარტავს:
,,თუ ვიმე ცდილობს, რომ დამკვეთების თემა გადაფაროს ეს იქნება აბსოლუტურად არასწორი მიდგომა. პროკურატურა თუ ამ მიმართულებით წავიდა, ოჯახს სერიოზული პროტესტი ექნება. ალბათ, ეს უფრო თქვენი შეფასებაა და არა პროკურატურის”, _განაცხადა ჭკადუამ.
მისივე ინფორმაციით, გამოძიება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთების გამოსავლენად აქტიურად მიმდინარეობს.
,, ზუსტად ვიცი რომ გამოძიება დამკვეთების გამოსავლენად აქტიურად მიმდინარეობს ”, _აცხადებს ჭკადუა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წლის 22 ივნისს, იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი სოსანაშვილის მიერ 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ.
გამოძიების ინფორმაციით, სოსანაშვილი ნათლად ხედავდა, რომ ი. ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე გვაქვს მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის. 2015 წლის 17 აპრილს, გ. სოსანაშვილს დაუმძიმდა ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის.
ამდენად, დღეის მდგომარეობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ.