საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია. 2015 წლის გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა (Stephen Austin (www.stephenaustin.co.uk).
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ტესტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საქართველოს ფოსტის საბაჟო ტერმინალიდან ეროვნული ბანკის საცავსა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ.
ტესტების ტრანსპორტირებისას დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა: საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია.
პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
გამოცდებისათვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასე გამოიყურება: ერთიანი ეროვნული გამოცდები - 40 000 - ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - 4 000 - ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდა - 12 500 - ზე მეტი კანდიდატი; პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა - 17 ათასზე მეტი პედაგოგი.
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.